მაია ნოდარიშვილის გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ 6.11.2026

6 ნოემბერს, 17:00 საათზე, მესმას სახელოვნებო სივრცეში მაია ნოდარიშვილის პერსონალური გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილია რუსთაველის პოემის პერსონაჟებისა და სიუჟეტური ეპიზოდების მხატვრისეული ინტერპრეტაცია, რომლებიც განსხვავებული ტექნიკური მიდგომითა და ინდივიდუალური მხატვრული ენით არის გაცოცხლებული.

მაია ნოდარიშვილის შემოქმედებითი გზა ბავშვობიდან იწყება. 20 წლის ასაკში მან გაიარა სასულიერო სემინარიასთან არსებული ხატწერის კურსი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის მხატვრულ განვითარებაზე. რელიგიური თემატიკა დღემდე მისი შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მხატვრის პერსონალური გამოფენები გაიმართა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თბილისის ძველ გალერეაში. მის შემოქმედებით გამოცდილებას ასევე უკავშირდება ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ესკიზები და „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.